„CYBER-EXE საქართველო 2015”


27 ნოემბერს, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტომ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიურომ, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მხარდაჭერით, კიბერუსაფრთხოების იმიტირებული სავარჯიშოები - “CYBER-EXE საქართველო” 2015 გამართეს.

ღონისძიებას მოწვეულ სტუმრებთან ერთად საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დავით ებრალიძე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე , კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორი ანდრო გოცირიძე და მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი გვენეტაძე ესწრებოდნენ. კიბერუსაფრთხოების ბიუროს მოწვევით, კიბერსავარჯიშოზე იმყოფებოდნენ საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის სამხედრო ატაშეები.

CyberExe უკვე მეორედ გაიმართა საქართველოში. აღნიშნული ღონისძიების მიზანია საჯარო და კომერციული ორგანიზაციების ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტების მომზადება კიბერშეტევების კრიზისული სიტუაციებისთვის, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნისა და, შესაბამისად, მოქალაქეების დაცულობას ამ მიმართულებით.