დისკუსია ეროვნული უსაფრთხოების თემებზე


24 ნოემბერს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული თავდაცვის აკადემიის პროფესიული განვითარების ცენტრში ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების თემებსა და გამოწვევებზე დისკუსია გაიმართა. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა დოლიძემ და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ აქტუალურ თემებზე სასაუბროდ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებსა და უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ექსპერტებს უმასპინძლეს. დისკუსიაში კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორი ანდრია გოცირიძე და თავდაცვის უწყების სხვა წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ანდრია გოცირიძემ თავდაცვის პოლიტიკის პრიორიტეტებსა და უსაფრთხოების კიბერგანზომილებაზე ისაუბრა და მსმენელებს კიბერსფეროში არსებული პოტენციური საფრთხეები გააცნო.