აშშ-ს ატაშატის და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის წარმომადგენლების ვიზიტი


2017 წლის 22 თებერვალს კიბერუსაფრთხოების ბიუროში გაიმართა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა აშშ-ს ატაშატისა, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის წარმომადგენლებსა და კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორ ბატონ როდიონ ქორჩილავას შორის.

სტუმრებს მიეწოდა ინფორმაცია კიბერუსაფრთხოების ბიუროში მიმდინარე რეფორმების და სამომავლო გეგმების შესახებ. ყურადღება გამახვილდა კიბერთავდაცვის მიმართულებით ამერიკა-საქართველოს თანამშრომლობაზე, განხორციელებულ ერთობლივ პროექტებსა და პერსპექტიულ მიმართულებებზე. შეხვედრაზე განხილულ იქნა 28 თებერვალი - 3 მარტის პერიოდში კიბერუსაფრთხოების ბიუროში აშშ-ს ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის კიბერექსპერტების ვიზიტის დეტალები.

ამერიკულმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა კიბერუსაფრთხოების ბიუროსთან წარმატებული თანამშრომლობა და მზადყოფნა გამოთქვა მხარი დაუჭიროს ბიუროს განვითარებისა და გაძლიერების პროცესს.

შეხვედრის ბოლოს მხარეები თანამშრომლობის გაღრმავებასა და გაძლიერებაზე შეთანხმდნენ.