კიბერკონფლიქტი 2015


მეშვიდე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია, კიბერკონფლიქტი (CyCon 2015), რომელსაც ორგანიზება ნატოს კოოპერატიული კიბერთავდაცვის ცენტრმა გაუწია, კვლავაც ესტონეთის დედაქალაქ ტალინში გაიმართა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროს დელეგაციამ წელს პირველად მიიღო მონაწილეობა აღნიშნულ ღონისძიებაში. უკვე წლებია, CyCon-ი მსოფლიო დონეზე აღიარებული ფორუმია, სადაც განიხილება კიბერკონფლიქტების მოდელირების თანამედროვე მეთოდები და მათი სტრატეგიული, იურიდიული და პოლიტიკური გავლენა საზოგადოებრივ საქმიანობაზე, ბიზნესსა და მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებზე. CyCon-ი ყოველწლიურად კიბერკონფლიქტის სპეციფიკურ ასპექტებზე ამახვილებს ყურადღებას.


2013 წელს გამართული კონფერენცია  ავტომატიზირებული კიბერთავდაცვის როლებსა და მეთოდებს დაეთმო: ავტომატიზაცია განიხილებოდა არა მხოლოდ როგორც ტექნოლოგიური ველი, რომელიც თავდაცვითი საშუალებების ეფექტურობის გაზრდის საშუალებას იძლევა, არამედ, როგორც სოციალური ფაქტორი, რომელიც  თანამედროვე საზოგადოების პოლიტიკურ, იურიდიულ, მორალურ და ეთიკურ ჩარჩოებს მოიცავს. 2014 წელს კონფერენციის ძირითადი თემა გახლდათ აქტიური კიბერთავდაცვა, 2015 წლის CyCon-ი კი ფოკუსირებული იყო კიბერსივრცის არქიტექტორულ ასპექტებზე სტრატეგიული, იურიდიული, პოლიტიკური და ინფორმაციული ტექნოლოგიების თვალსაზრისით.


ორმოცი წლის წინ საფუძველი ჩაეყარა ინტერნეტსა და მის ძირითად პრინციპებს. "ქსელმა" დაადასტურა თავისი არსებობის აუცილებლობა. დღეს ინტერნეტს 2.5 მილიარდი მომხმარებელი ჰყავს, ხოლო 2020 წლისთვის 50 მილიარდი მოწყობილობის ჩართვა მოხდება ინტერნეტში. ყოველივე ზემოთქმული ინფორმაციული ტექნოლოგიების უდიდეს გავლენაზე მეტყველებს. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ეს  რევოლუციის მხოლოდ დასაწყისია.


წლევანდელ კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ აშშ-ს კიბერსარდლობისა და ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსი, ადმირალი მაიკლ როჯერსი, ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე ელჩი სორინ დუკარუ, ასევე აკადემიური წრეების წარმომადგენლები, კომპიუტერული ინდუსტრიის ლიდერები და კიბერექსპერტები. კონფერენციის წლევანდელი მონაწილეების რიცხვმა 500-ს გადააჭარბა.


როგორც ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწემ, ბატონმა სორინ დუკარუმ კონფერენციის გახსნისას განაცხადა, კიბერთავდაცვა ახალ სტრატეგიულ გარემოში ნატოს ადაპტაციის პროცესის ნაწილი გახდება: „ნატო არ აპირებს კიბერსივრცის მილიტარიზაციას და არც იმის სურვილი გააჩნია, რომ დათმოს მართვის სადავეები.  ეს ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა კოლექტიური თავდაცვის უზრუნველყოფისათვის“. მან ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატოს მანდატს კიბერთავდაცვა წარმოადგენს და არა კიბერუსაფრთხოება.


ადმირალმა როჯერსმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა საერთაშორისო და ინტერდისციპლინური თანამშრომლობის მნიშვნელობას თავისუფალი, ღია და უსაფრთხო კიბერსივრცისთვის.
 

კონფერენციის ფარგლებში სხვა თემებს შორის განხილულ იქნა: „ელ-მმართველობის მომავალი“, „კიბერკონფლიქტი Stuxnet-ის შემდგომ“, „გადაწყვეტილების მიღება და ხელოვნური ინტელექტი“, „სმარტფონების უსაფრთხოება და კონფიდენციალობა“, „კიბერომის პერსპექტივა: უკრაინის კრიზისის ანალიზი“, „კიბერსივრცის მომავალი“.


"CyCon 2015“ ნატოს კოოპერაციული კიბერთავდაცვის ცენტრის მიერ ორგანიზებული მეორე ღონისძიებაა, რომელშიც კიბერუსაფრთხოების ბიურომ მიიღო მონაწილეობა. 2015 წლის 21-24 აპრილს ესტონეთში NATO-ს წევრი ქვეყნების კიბერსწავლება „Locked Shields 2015“ ჩატარდა, რაც ყოველწლიურ, დროის რეალურ მასშტაბში ჩატარებულ კრიტიკული ინფორმაციული სისტემების დაცვის სავარჯიშოებს მოიცავს. წვრთნებში ჩართული იყო 16 ქვეყნის 400-ზე მეტი წარმომადგენელი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროს წარმომადგენლებმა პირველად მიიღეს მონაწილეობა აღნიშნულ ღონისძიებაში დამკვირვებლის სტატუსით.



მაია აბულაძე
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სსიპ-კიბერუსაფრთხოების ბიურო