ბიუროს ხედვა


               თანამედროვე მსოფლიოს კიბერსივრცეში არსებული და პოტენციური რისკები/საფრთხეები  საზოგადოებრივი ცხოვრების  რეალობად იქცა. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად უფრო რთული ხდება აღნიშნული საფრთხეების პრევენცია და დაძლევა. საერთაშორისო სტატისტიკის მიხედვით, წარმატებული კიბერინციდენტების რიცხვი ყოველწლიურად მატულობს და შესაბამისად იზრდება კიბერინციდენტებით გამოწვეული ზარალი.

               დღესდღეისობით სახელმწიფოები აქტიურად იყენებენ კიბერშეტევებს პოლიტიკური, გეოპოლიტიკური, სამხედრო და სხვა მიზნების განსახორციელებლად. თანამედროვე კიბერშეტევები საფრთხეს უქმნიან ქვეყნის უსაფრთხოებას, განვითარებას და  ხელს უშლიან საზოგადოების ფუნქციონირებას. შესაბამისად, გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი სწორედ საკუთარი ქვეყნის კიბერთავდაცვაა, რაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო სივრცეების დაცვა. თითოეული სახელმწიფო, რომელიც ტექნოლოგიური განვითარებისკენ მიისწრაფვის, საზოგადოების წინაშე ვალდებულია, დაიცვას საკუთარი კიბერსივრცე. 

               მიმდინარე წლის სექტემბერში უელსის სამიტზე კიბერუსაფრთხოება ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად დასახელდა. ჩვენ ვთანხმდებით, რომ კიბერშეტევებმა შესაძლოა საფრთხის წინაშე დააყენონ ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოება, სტაბილურობა და განვითარება... მათ შეუძლიათ ზიანი მიაყენონ თანამედროვე საზოგადოებას. ამგვარად, ვაცხადებთ, რომ კიბერთავდაცვა ნატოს ერთიანი თავდაცვის განუყოფელი ნაწილია - აცხადებს ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი ნატოს უელსის სამიტზე. (International Business Times, The Three Cyber-Security Challenges Facing Nato, Jarno Limnell, August 13, 2014, Brussels).

საქართველო უერთდება ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობასთან დაკავშირებულ მიდგომებს - „ხელი შეეწყოს ქვეყნებს შორის ინფორმაციის გაცვლასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას კიბერუსაფრთხოების სფეროში“ (North Atlantic Treaty Organization, Press Conference by NATO Secretary General Anders Fogh Rasmussen following the meeting of the North Atlantic Council at the level of Heads of State and Government during the NATO Wales Summit, September 5, 2014) და აღიარებს, რომ კიბერუსაფრთხოება გლობალური გამოწვევაა, რომელიც სცდება ეროვნულ საზღვრებს და საჭიროებს თანამშრომლობის გაძლიერებას საერთაშორისო დონეზე. ნატო მზადყოფნას აცხადებს გამოცდილების გაზიარების მეტი შესაძლებლობები შესთავაზოს პარტნიორ ქვეყნებს და გააძლიეროს მათთან თანამშრომლობა მსოფლიო უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევების ერთობლივად დასაძლევად.

„საქართველოს ეროვნულ სამხედრო სტრატეგიაში 2014“ აღნიშნულია, რომ „საქართველოს შეიარაღებული ძალების მართვისა და კონტროლისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს კომუნიკაციებისა და საინფორმაციო უსაფრთხოების სისტემების ფუნქციონირების უზრუნველყოფას. თანამედროვე დაცული კომუნიკაციები უზრუნველყოფს უსაფრთხო, უწყვეტ კავშირსა და კოორდინირებულ მოქმედებას. მონაცემებისა და ინფორმაციის უსაფრთხოების დაცვა მოითხოვს კიბერ და საკომუნიკაციო უსაფრთხოების სისტემებს, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია მოწინააღმდეგის მხრიდან საზიანო ქმედებების თავიდან აცილება, უარყოფითი შედეგების შემცირება და ყველა ელემენტის ფუნქციონირების უმოკლეს ვადებში აღდგენა.” (საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგია, 2014)

               2013 წლის 24 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონპროექტი. „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კიბერუსაფრთხოების ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 6 თებერვლის N8 ბრძანების საფუძველზე შეიქმნა სსიპ „კიბერუსაფრთხოების ბიურო“ და დამტკიცდა მისი დებულება.

               სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს მიზანს წარმოადგენს  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის ინფორმაციული და კომუნიკაციების ტექნოლოგიების სტაბილური, ეფექტური და უსაფრთხო სისტემების შექმნა და გაძლიერება.

               კიბერუსაფრთხოების ბიურომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების მიმართულებით და შექმნა „კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის“ დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხედვას კიბერშესაძლებლობების ეფექტური განვითარებისა და გაძლიერებისათვის და აღწერს ამ მიმართულებით განსახორციელებელ ამოცანებს. 2014 წლის 4 ნოემბერს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გამოსცა ბრძანება „კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის დაამტკიცების შესახებ“.

ბიურომ, ასევე დაასრულა „კიბერუსაფრთხოების განვითარების სამოქმედო გეგმის“ დოკუმენტზე მუშაობა, რომელშიც დეტალურად არის გაწერილი კიბერუსაფრთხოების განვითარებისთვის აუცილებელი ქმედებები, რომელთა განხორციელებაც უზრუნველყოფს თავდაცვის სფეროში შემავალი კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების უსაფრთხო ფუნქციონირებას.