შეიარაღებულ ძალებში 2019 წელი კიბერუსაფრთხოების წლად ცხადდება


საქართველოს თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, შეიარაღებულ ძალებში 2019 წელი კიბერუსაფრთხოების  წლად ცხადდება, რაც ნიშნავს უფრო მეტ აქტიურ ჩართულობას სამხედრო ოპერაციებში და მეტ კიბერმოქმედებას საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე - ეს განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ კიბერუსაფრთხოების  ბიუროში გააკეთა, სადაც აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელს, გენერალ-მაიორ ჯოზეფ ჯერარდს უმასპინძლა.  

შეხვედრაზე ლევან იზორიამ პარტნიორებთან კიბერუსაფრთხოების სფეროში ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა და საქართველოს კიბერთავდაცვის შესაძლებლობების განვითარებაში  განსაკუთრებით გამოყო ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის წვლილი.

საუბარი შეეხო კიბერსფეროში სამომავლო თანამშრომლობის საკითხებსაც. როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, აშშ-სთან ერთად რიგი ღონისძიებების გატარება იგეგმება, რათა თანამშრომლობა კიბერუსაფრთხოების განმტკიცების თვალსაზრისით გაღრმავდეს და  შეიარაღებული ძალების სწავლებების, საერთაშორისო ტრეინინგების ფარგლებში ინტეგრირდეს.

კიბერუსაფრთხოების ბიუროში გამართულ შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბეთ რუდი და კიბერუსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელი ლევან გიორგობიანი დაესწრნენ.