ესტონეთის დელეგაციის ვიზიტი კიბერუსაფრთხოების ბიუროში


მიმდინარე წლის 14 აგვისტოს კიბერუსაფრთხოების ბიუროს ეწვივნენ ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს კიბერპოლიტიკის და საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტების წარმომადგენლები. ვიზიტი განხორციელდა საქართველოსა და ესტონეთის თავდაცვის სამინისტროებს შორის 2017 წლის ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გეგმის მიხედვით და მიზნად ისახავდა საქართველოში, და კერძოდ, თავდაცვის სამინისტროში, კიბერუსაფრთხოების მიმართულებით არსებული სიტუაციის შესწავლას. კიბერუსაფრთხოების ბიუროში გამართულ შეხვედრაზე სტუმრებს მიეწოდა ინფორმაცია ბიუროს საქმიანობის, განხორციელებული პროექტების, მიღწევების, გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. მხარეებმა, ასევე, განიხილეს კიბერსავარჯიშოებში კიბერუსაფრთხოების ბიუროს მონაწილეობისა და ნატოს კოოპერაციული კიბერთავდაცვის ცენტრში (CCD COE) გაწევრიანების საკითხები. ვიზიტის ფარგლებში, ესტონეთის დელეგაციამ, ასევე, გამართა შეხვედრები ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელობასთან, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის წარმომადგენლებთან, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J6 კავშირგაბმულობის დეპარტამენტის უფროსთან და თავდაცვის სამინისტროს IT დეპარტამენტის წარმომადგენლებთან, სსიპ-მონაცემთა გაცვლის სააგენტოს უფროსთან და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს წარმომადგენლებთან.