ბანკომატით სარგებლობისას დასაცავი უსაფრთხოების მინიმალური ნორმები


ბანკომატით სარგებლობისას დასაცავი უსაფრთხოების მინიმალური ნორმები უკანასკნელ პერიოდში დამკვიდრებული „ბანკომატის თაღლითობა“, საბანკო სფეროში კიბერთაღლითობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნაირსახეობა გახდა. განსაკუთრებით გახშირდა ე.წ. „Skimming“ - სპეციალური მოწყობილობის გამოყენებით ბოროტმოქმედის მიერ ანგარიშის ნომრის და PIN-კოდის გაგება. ექსპერტული მონაცემების თანახმად „Skimming“-ით მიყენებული ზარალი 1 მილიარდ დოლარს უახლოვდება. საბანკო თაღლითობით დაზარალებულთა 20% „Skimming“-ის მსხვერპლია. ტექნოლოგია 10 წელიწადს ითვლის, მაგრამ ყოველწლიურად იხვეწება და დღეისთვის მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის მეთოდი სრულყოფილებამდე ავიდა. „Skimming“-ის განსახორციელებლად, როგორც წესი, ორი მოწყობილობა გამოიყენება. ერთი ჩაყენებულია ბარათის ჩასაშვებ სლოტზე და ანგარიშის ნომერს კითხულობს, მეორე - ჩვეულებრივი კამერა, კლავიატურაზეა მიმართული და კოდის შეყვანისას ციფრების თანმიმდევრობას იმახსოვრებს. „კიბერუსაფრთხოების ბიუროს“ სპეციალისტებმა დაამუშავეს „ბანკომატის თაღლითობის“ შესახებ მასალები და რამდენიმე მარტივი წესი ჩამოაყალიბეს, რომელთა შესრულებაც თაღლითობის მსხვერპლად ქცევის ალბათობას საგრძნობლად შეამცირებ

1. PIN-კოდის შეყვანისას კლავიატურას თავისუფალი ხელი დააფარეთ.

ფარული კამერა, როგორც წესი, კლავიატურაზეა მიმართული, რათა PIN-კოდი დააფიქსიროს. ხელის დაფარებით თქვენი კოდის წაკითხვა შეუძლებელი გახდება;

2. PIN-კოდის შეყვანისას კლავიატურაზე დასაჭერად თითის ნაცვლად რაიმე საგანი გამოიყენეთ, მაგალითად საწერ-კალამი, ფანქარი, გასაღები და სხვა.

თქვენი წასვლის შემდეგ ბოროტმზრახველმა ინფრაწითელი კამერით შეიძლება კლავიატურას სურათი გადაუღოს. კლავიატურაზე თითის შეხებისგან დარჩენილი თერმული კვალი რამდენიმე წუთის განმავლობაში დარჩება და სურათზე სითბური ლაქის ინტენსივობის მიხედვით კოდის გამოთვლა პრობლემას არ წარმოადგენს;

3. ძირითადად გამოიყენეთ ბანკომატები, რომლებიც განთავსებულია ბანკებში, საფინანსო ორგანიზაციებში, სამართალდამცველთა მუდმივი ყურადღების ქვეშ მყოფ ადგილებზე.

უკანასკნელ პერიოდში ფართო გავრცელება პოვა ყალბი ბანკომატების დადგმამ. აპარატი შეიძლება არაფრით განსხვავდებოდეს რეალურისგან, მაგრამ „skimming“-ის მოწყობილობებით აღჭურვილი ყალბი ბანკომატის გამოყენების მცდელობას პერსონალური მონაცემების კომპრომეტაცია მოჰყვება.

მოერიდეთ ბანკომატებს: უკაცრიელ ქუჩებში, ცუდად განათებულ ადგილებში, რესტორნებში, აეროპორტებში და მსხვილ სავაჭრო ცენტრებში;

4. ყურადღებით დააკვირდით ბანკომატს.

ა. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ბარათის ჩასაშვებ სლოტს. ბოროტმზრახველები ბარათის სლოტს ზემოდან ამაგრებენ „skimming“-ის მოწყობილობას, რომლის დახმარებით ანგარიშის ნომრის წაკითხვა შეიძლება. ქვემოთ მოყვანილ მარცხენა სურათზე ნაჩვენებია ნამდვილი სლოტი და როგორ გამოიყურება იგი „skimming“-ის მოწყობილობით. მარჯვენა სურათზე კი ნაჩვენებია, თუ როგორ არის ბარათის სლოტზე მორგებული „skimming“-ის მოწყობილობა.

ბ. ყურადღებით დააკვირდით კლავიატურას. ბოროტმზრახველები ხშირად კლავიატურას ზემოდან ამაგრებენ მსგავს მოწყობილობას, რომელიც შეყვანილ კოდს იმახსოვრებს. ხშირ შემთხვევაში ყალბ კლავიატურას სხვა ფაქტურა აქვს, ცუდად არის დამაგრებული, სკოჩის ან წებოს კვალი ეტყობა და ა.შ.; ქვემოთ ნაჩვენებია „skimming“-ის მოწყობილობების დაყენების ცალკეული შემთხვევები.

ბანკები ხშირად „Antiskimming“-ის მოწყობილობებით აღჭურვილ ბანკომატებს დგამენ უკონტროლო ადგილებში. ერთი ასეთი მოწყობილობა მარცხენა სურათზეა ნაჩვენები - დამცავი „ფრთების“ გამოყენება ყალბი კლავიატურის დაყენების საშუალებას არ იძლევა.

5. ჩაერთეთ „Internet Banking“-ის სისტემაში, გაააქტიურეთ ტრანზაქციისას SMS-შეტყობინებების მიღების სერვისი, დააზღვიეთ საკრედიტო ბარათი და საბანკო ანგარიშები მუდმივად აკონტროლეთ.

საეჭვო ტრანზაქციის შესახებ SMS-შეტყობინების მიღების ან ბარათის დაკარგვის შემთხვევაში სასწრაფოდ დაუკავშირდით ბანკს. ბანკების ადმინისტრაციას განაცხადის მიღების ვადები, როგორც წესი, დადგენილი არ აქვს, მაგრამ ოპერატიულად შეტყობინების შემთხვევაში დანაკარგის ანაზღაურება გაადვილდება, დაზღვევის შემთხვევაში კი ფაქტიურად გარანტირებული იქნება.