“კიბერუსაფრთხოება საქართველოში - ნაბიჯი საერთაშორისო თანამშრომლობისკენ”


       უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში განხორციელებული კონფლიქტების ანალიზი ცხადყოფს, რომ კიბერუსაფრთხოება ყველა კონფლიქტისა და ომის განუყოფელი ნაწილია. იმის გათვალისწინებით, რომ ნატოსთვის კიბერუსაფრთხოება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და შესაბამისად, განსაკუთრებულ აქცენტირებას ახდენს კიბერშესაძლებლობების განვითარებაზე, ალიანსის წევრობის მსურველი ყველა ქვეყანა, და მათ შორის საქართველოც, უნდა აცნობიერებდეს, რომ ერთობლივი საიმედო კიბერუსაფრთხოების საწყისი, სწორედ საკუთარი ქვეყნის კიბერთავდაცვაა. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია 2014 წლის ნატოს უელსის სამიტი, სადაც ნატომ კიბერთავდაცვა 16 პრიორიტეტში დაასახელა და განაცხადა, რომ მზად არის, გამოცდილების გაზიარების მეტი შესაძლებლობები შესთავაზოს პარტნიორ ქვეყნებს და გააძლიეროს მათთან თანამშრომლობა მსოფლიო უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევების ერთობლივად დასაძლევად.    

ექსპერტთა მონაცემებით, 30-ზე მეტ ქვეყანას უკვე გააჩნია შეტევითი ხასიათის კიბეროპერაციების წარმოების შესაძლებლობები, რაც კიდევ უფრო რეალურს ხდის უკანასკნელ პერიოდში ტენდენციად ქცეულ კიბერსივრცის გამოყენებას პოლიტიკური თუ სამხედრო მიზნების მისაღწევად და გეოპოლიტიკური უპირატესობის მოსაპოვებლად; სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიო მასშტაბით ქვეყნები კოლოსალურ თანხებს ხარჯავენ კიბერშესაძლებლობების განვითარებისთვის. ასეთ გარემოში საქართველოსთვის, როგორც ასპირანტი ქვეყნისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, კიბერთავდაცვისთვის საჭირო სტრატეგიის შექმნა და განხორციელება. უკანასკნელ სამიტზე ნატოს ხელმძღვანელი პირების მიერ გახმოვანებული პოზიცია ცხადყოფს, რომ ჩვენი ქვეყანა მხოლოდ მაშინ აღიქმება ალიანსისთვის საიმედო მოკავშირედ, თუკი ის ძლიერ კიბერშესაძლებლობებს შექმნის.

კიბერსივრცე და მასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები ქვეყნებისთვის მოულოდნელი არ არის. ნატოს ხედვის თანახმად, კიბერთემატიკის მზარდი მნიშვნელობა ევოლუციური პროცესისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი მოვლენაა, და არა - რევოლუციური გარდაქმნა. ტექნოლოგიური პროგრესის კვალდაკვალ, საზოგადოება, როგორც მშვიდობის, ისე კრიზისისა ან ომის პირობებში, ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტად დამოკიდებული ხდება ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე. ნატო ოპერაციებს ძირითადად კიბერქსელების გამოყენებით ახორციელებს. სწორედ ამიტომ, ალიანსი დიდ ყურადღებას აქცევს წევრობის მსურველი ქვეყნების კიბერსივრცის უსაფრთხოებას და ავალდებულებს მათ, განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭონ კიბერსფეროსთან დაკავშირებულ საკითხებს და  კიბერუსაფრთხოება განიხილონ არა როგორც რევოლუციური მოვლენა, არამედ, როგორც - სტრატეგიული ამოცანა. კიბერუსაფრთხოება, ხშირ შემთხვევაში განყენებულ თემად წარმოგვიდგება, და არა ომის შემადგენელ სეგმენტად, რეალურად კი, მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტების უმეტესობა კიბერელემენტებს შეიცავს, რაც ხაზს უსვამს კიბერუსაფრთხოებას, როგორც გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებელ კომპონენტს. ამის ერთ-ერთი მაგალითია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული კიბერშეტევა სამხედრო ოპერაციების მხარდაჭერის მიზნით. ზემოთაღნიშნულ ფაქტს უკრაინაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიც ადასტურებს, სადაც სამხედრო ძალების მიერ საბრძოლო ოპერაციების პარალელურად, კიბერღონისძიებებიც განხორციელდა. აქედან გამომდინარე, საჭიროა, საზოგადოებამ გააცნობიეროს, რომ კიბერომი დამოუკიდებლად არ არსებობს და კიბეროპერაცია კონფლიქტისა თუ ომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია, რომელიც კონკრეტულ მიზანს ემსახურება. დღევანდელ მსოფლიოში სამხედრო ძალებს ტრადიციული სამხედრო მოქმედებების პარალელურად შეუძლიათ დაგეგმონ და აწარმოონ კიბეროპერაციები, რაც დღეს ჰიბრიდული ომის სახელწოდებით არის ცნობილი.

ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციისათვის აუცილებელია, განვითარდეს არსებული კიბერშესაძლებლობები,  მოხდეს მათი ინტეგრირება სამხედრო ოპერაციებთან თავდაცვის მიმართულებით. ამ მხრივ, საქართველო, როგორც ალიანსის წევრობის მსურველი ქვეყანა, ურთულესი გამოწვევის წინაშეა. თუმცა, სამართლიანია, აღინიშნოს, რომ მსგავსი პრობლემა ნატოს წევრი სახელმწიფოების წინაშეც დგას. ნატოს შეფასებით, ალიანსის წევრ ქვეყნებს შორისაც კი უზარმაზარი განსხვავებაა. არათანაბრადაა განვითარებული თავდაცვითი, შეტევითი და სადაზვერვო შესაძლებლობები, რაც ქვეყნებს შორის ურთიერთდახმარების ქმედით მექანიზმებს ართულებს. მას შემდეგაც კი, რაც ალიანსმა განაახლა კიბერთავდაცვის პოლიტიკა, სერიოზული განაცხადი გაკეთდა კიბერშეტევის შემთხვევაში კოლექტიური თავდაცვის თაობაზე. სკეპტიკოსები ბუნდოვნად მიიჩნევენ ერთიანი კიბერთავდაცვის კონტურებს. ამას ემატება პრეცენდენტის არარსებობაც და ისიც, რომ აღნიშნული პოლიტიკა არ აწესებს მკაფიო საზღვრებს, თუ როდის უნდა ჩაითვალოს ერთი ქვეყნის კიბერსივრცეზე თავდასხმა ყველა ქვეყნის მიმართ განხორციელებულ შეტევად. ცხადია, ასეთი მკვეთრი გამიჯვნა არც იქნებოდა მიზანშეწონილი, რადგან ეს საშუალებას მისცემდა მოწინააღმდეგეს, ემოქმედა დაწესებული საზღვრის გადაკვეთის გარეშე.

ამ მიმართულებით საქართველო ვალდებულია, განავითაროს საკუთარი კიბერშესაძლებლობები და გაიზიაროს ნატოს მიდგომა: ხელი შეეწყოს ქვეყნებს შორის ინფორმაციის გაცვლასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას კიბერუსაფრთხოების სფეროში. ეროვნულ დონეზე კიბერშესაძლებლობების განვითარების, ალიანსთან და მის წევრ ქვეყნებთან მჭიდრო და ეფექტური თანამშრომლობის პირობებში საქართველო შეძლებს, გარკვეული როლი შეასრულოს კიბერუსაფრთხოებაში და განვითარებული ქვეყნების საიმედო მოკავშირედ მოგვევლინოს.

საქართველოს თავდაცვის სფეროში განსახორციელებელი კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის დამტკიცების შედეგად სახელმწიფომ ვალდებულება აიღო, გამოყოს შესაბამისი ადამიანური თუ ფინანსური რესურსი საკუთარი კიბერუსაფრთხოების განვითარებისათვის. ნატოს მუდმივი მცდელობა -  გააუმჯობესოს ერთობლივი შესაძლებლობები კიბერსფეროში, ხელს შეუწყობს საქართველოს, ალიანსის წევრი ქვეყნების დახმარებით განავითაროს და გააძლიეროს საკუთარი კიბერუსაფრთხოება.

უელსის სამიტზე კიბერუსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად განსაზღვრამ ცხადყო, რომ ეს სფერო ნატოს მომავლისა და ერთობლივი თავდაცვის ფუნდამენტური ნაწილია. ალიანსი ახდენს იმის დეკლარირებას, რომ ერთიანი შესაძლებლობებით კიბეროპერაციების ჩატარების მზაობა არა მარტო სურვილს, არამედ აუცილებლობას წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, საქართველო, რომელსაც საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი კიბერშეტევების შედეგები, ახდენს კიბერუსაფრთხოების თემის წინა პლანზე წამოწევას, უერთდება ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობასთან დაკავშირებულ  მიდგომებს და აღიარებს, რომ კიბერუსაფრთხოება გლობალური გამოწვევაა, რომელიც სცდება ეროვნულ საზღვრებს და საჭიროებს თანამშრომლობის გაძლიერებას საერთაშორისო დონეზე.  სწორედ აქედან გამომდინარე, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მიმდინარე წლის თებერვლის თვეში ჩამოაყალიბა სსიპ - კიბერუსაფრთხოების ბიურო, რომელიც განვითარების საწყის ეტაპზეა. ბიუროს მთავარ ამოცანას წარმოადგენს ეფექტური, ძლიერი და სტაბილური კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა საქართველოს თავდაცვის სფეროსთვის.

კიბერუსაფრთხოების ბიურომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების მიმართულებით და ნატოს კიბერექსპერტებისა და უცხოელი პარტნიორების რეკომენდაციების გათვალისწინებით შეიმუშავა „კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის“ დოკუმენტი, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს დაამტკიცა. დოკუმენტი წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხედვას კიბერშესაძლებლობების ეფექტური განვითარებისა და გაძლიერებისათვის და აღწერს ამ მიმართულებით განსახორციელებელ ამოცანებს. 

კიბერუსაფრთხოების ბიურომ ასევე დაასრულა „კიბერუსაფრთხოების განვითარების სამოქმედო გეგმის“ დოკუმენტზე მუშაობა, რომელშიც დეტალურად არის გაწერილი კიბერუსაფრთხოების განვითარებისთვის აუცილებელი ქმედებები, რომელთა განხორციელებაც უზრუნველყოფს თავდაცვის სფეროში შემავალი კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების უსაფრთხო ფუნქციონირებას.

კიბერუსაფრთხოების განვითარება საქართველოს თავდაცვის სფეროში ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანას, გახდეს ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნების სანდო და საიმედო პარტნიორი.

 

ანდრია გოცირიძე

დირექტორი

სსიპ - კიბერუსაფრთხოების ბიურო

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

თბილისი, საქართველო

31.10.2014